English / ქართული / русский /
ანი ქიმაძე
მცირე და საშუალო ბიზნესის საკანონმდებლო და ინსტიტუციური მხარდაჭერა საქართველოში

ანოტაცია

სტატიაში განხილულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივები და პროგრამები. ნათქვამია, რომ 1991 წლიდან 2004 წლამდე ქვეყნის მთავრობა აქტიურად ეხმარებოდა ამ სექტორს და უქმნიდა განვითარების ხელსაყრელ პირობებს. 2004 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ეს მხარდაჭერა შეწყდა ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკური კურსის გატარების გამო. ამ წლებში მეწარმეობის ამ სექტორმა დაცემა განიცადა. 2012 წელს ქვეყანაში მოსულმა ახალმა მთავრობამ მრავალი ინიციატივა წამოიწყო ამ სექტორის გამოსაცოცხლებლად.

საკვანძო სიტყვები: ბიზნესი, მცირე, საშუალო, მხარდაჭერა, პროგრამები

 შესავალი

ქვეყნის ეკონომიკის ზრდას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უზრუნ­ველყოფს. ეს დამტკიცებულია როგორც მაღალგანვითარებული ქვეყნების, ისე „აზიის ვეფხვების“ (სინგაპური, ტაილანდი და სხვები) პრაქტიკითაც. ასეთ დროს საქართ­ველოში მცირე და საშუალო ბიზნესი ერთგვარი „გერის“ როლში დგას. 2015 წლის ინფორ­მაციით, ამ სექტორმა ქვეყნის მთლიან ბრუნვაში მხოლოდ 17,5% დაიკავა, ანუ 2,4 პროცენტული პუნქტით ნაკლები, ვიდრე 2011 წელს (მეწარმეობა საქართველოში, 2016:27). ასეთ დროს ევროპაში მას საშუალოდ 58% უკავია.

* * *

საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების ინსტიტუციური და საკანონმდებლო სისტემის განვითარება დაიწყო 1990-ანი წლების ბოლოს. 1999 წელს მიღებული კანონი „მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ“ განსაზღვრავდა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ძირითად პრინციპებს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ჩამოყალიბდა აგრეთვე, „მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“. აღნიშნული ორგანიზაციების კომპეტენციაში შედიოდა მცირე საწარმოთა ხელშეწყობის ღონისძიებებისა და სპეცია­ლური დახმარების პროგრამების განხორციელება. ამის გარდა, არსებობდა 1994 წელს დამტკიცებული კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომელიც ზოგადად არეგულირებდა ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესს.

სამთავრობო დახმარების კონცეფციისა და სპეციალური პროგრამის განხორციე­ლების კვალობაზე, მცირე საწარმოთა აქტივობების ზრდის პროცესი სტაბილური და ეფექტიანი გახდა. შესწავლილ იქნა გარდამავალ ქვეყნებში მცირე ბიზნესის ხელშეწ­ყობის საერთაშორისო გამოცდილება. გამოვლენილ იქნა მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობისათვის აუცილებელი მექანიზმები, რომლებიც მოგვიანებით დაინერგა პრაქტიკაში. მიუხედავად ამისა, 2000-იანი წლების დასაწყისში მრავალი დაბრკო­ლება არსებობდა, რომლებიც ხელს უშლიდა მცირე და საშუალო საწარმოების განვი­თა­რებას, კერძოდ, ქრონიკული საბიუჯეტო დეფიციტი, სისტემური კორუფცია, მოუქნელი ბიუროკრატია, უაღრესად არაეფექტური და კორუმპირებული საგადასა­ხადო და საბაჟო სისტემები.

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 ივნისის #309 ბრძანებულების საფუძ­ველზე დამტკიცდა „2002-2004 წლებში მცირე და საშუალო საწარმოების სახელმ­წიფო დახმარების პროგრამა“. აღნიშნული პროგრამა გულისხმობდა საწარ­მოთათვის სახელმწიფო დახმარების აღმოჩენას ორი ძირითადი მეთოდის გამოყენებით:

  1. საფინანსო დახმარების აღმოჩენა:
  • მცირე მოცულობების პირდაპირი სესხები;
  • მცირე საწარმოთათვის გარანტიების გაცემა კომერციულ ბანკებში სესხების მისაღებად;
  • საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება.

საწარმოთა ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სპეციალური ორგანიზაცია გასცემდა გარანტიებს შერჩეულ მცირე და საშუალო საწარმოებზე იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ კომერციული ბანკების მოთხოვნებს გირაოს ანდა ბიზნესრისკებთან დაკავშირებით. სუბისიდირების მიზანს წარმოადგენდა კომერციული ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რათა კრედიტის საფასური მისაღები ყოფილიყო საწარმოთათვის. საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირების პროგრამა გამოიყენებოდა მთავრობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში ეკონომიკური და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.

2. საინფორმაციო, საკონსულტაციო, განათლებისა და ტრენინგის სფეროები: პროგრამა მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო საწარმოთა მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას საინფორმაციო-საკონსულტაციო სფეროში. პროგრამის რეალიზაციის პროცესში მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი ასრულებდა ორ ძირითად ამოცანას:

  • მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ძირითადი საშუალებებისა და მეთოდების შესახებ ინფორმაციული უზრუნველყოფა;
  • საწარმოთა პერსონალის ტრენინგისა და სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ამგვარად, საქართველოში 2006 წლამდე მიღებულ იქნა მცირე ბიზნესის ხელშემწ­ყობი შემდეგი კანონები და კანონქვემდებარე აქტები:

  • „მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი _ 1999 წლის 23 ივლისს;
  • „მცირე საწარმოთა საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 იანვრის ბრძანებულება;
  • „მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის #134 ბრძანებულება;
  • „2002-2004 წლებში საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო დახმარების პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 22 ივნისის #309 ბრძანებულება;
  • „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში საქართველოს სახელმ­წიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის დადგენილება #21.

კანონი „მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის შესახებ“ გაუქმდა 2006 წელს, 2004 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ ეგიდით მოსული ახალი მთავრობის მიერ. მის მიერ ოფიციალურად იქნადეკლარირებული  ლიბერა­ლური ეკონომიკური კურსი, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობდა ბიზნესში ჩაურევ­ლობის პრინციპის დანერგვას და, ამასთანავე, ყველა საწარმოსათვის თანაბარი პირობების შექმნას, განურჩევლად მათი ზომისა. შესაბამისად, მთავრობა ესწრაფოდა ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, ლიცენზიებისა და ნებართვების გამარტი­ვებული სისტემის ამოქმედებას. „მცირე და საშუალო საწარმოების მხარდა-ჭერის შესახებ“ კანონის გაუქმების შემდეგ განსაზღვრებები მცირე და საშუალო საწარ­მოების შესახებ გადატანილი იქნა კანონში „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“. დღეისათვის საქართველოს კანონმდებლობაში მხოლოდ კანონი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ გვაძლევს მცირე ბიზნესის სრულფასოვან განსაზღვ­რებებს.

უნდა აღინიშნოს იმის თაობაზე, რომ მიუხედავად მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კანონის გაუქმებისა, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 მაისის #110 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა პროგრამა „დასაქმება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით“.

სახელმწიფოს მხრიდან მცირე ბიზნესისათვის დასახმარებლად ორგანიზებული პროექტების კუთხით ასევე აღსანიშნავია თბილისის მერიის პროგრამა „დაიწყე შენი ბიზნესი მერიის დახმარებით“.

საყურადღებოა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ტექნიკური დახმარების პროექტებიც, რომლებიც საქართ­ვე­ლოში ხორციელდება 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან.

2006 წელს საქართველოს კანონის − „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ“ − გაუქმებას, როგორც პრაქტიკოსები, ისე მეცნიერები მუდმივად აკრიტიკებდნენ. ისინი წერდნენ, რომ მიუღებელია მთავრობის პოლიტიკა, რომ თითქოს „ბიზნესი არის ბიზნესი და მცირე ბიზნესის ცალკე გამოყოფა არ შეიძლება“. მეტიც, ჟურნალისტი ნ. არველაძე ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკაში„ სტატიას სტატიაზე აქვეყნებდა „კანონ­გარეშე დარჩენილი პრიორიტეტის“ ეგიდით და, რა თქმა უნდა, ამ პრიორიტეტში მცირე ბიზნესს გულისხმობდა [არველაძე ნ., 2009:19-22]. ამას აკეთებდნენ სხვა მეცნიერებიც. მართლაც, დაწყებული 2006 წლიდან, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, საქართველოს მთავრობა სიტყვიერად მცირე ბიზნესს პრიორიტეტად მიიჩნევდა, მაგრამ არც ამ გაუქმებული კანონის აღდგენას ფიქრობდა და არც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის შექმნას.

მართალია, „მცირე ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ“ კანონი ჯერაც არ არის აღდგე­ნილი, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში მოსულმა ახალმა მთავრობამ მცირე ბიზნესისთვის პირობების შექმნა 2014 წლიდან დაიწყო. ამ წელს დაფუძნდა „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლო­გიების სააგენტო“.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარ­მეობის მხარდამჭერი პოლიტიკისა და პროგრამის განხორციელების ერთადერთ მაკოორ­დინირებელ სტრუქტურას საქართველოში.

სააგენტოს მთავარი ფუნქციებია:

  • ბიზნესის მხარდაჭერა DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესში;
  • სხვადასხვა სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული მოთხოვნისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მეწარმეთათვის მიწოდება;
  • მეწარმეთათვის დახმარების გაწევა ბიზნესის დაგეგმვისა და განვითარების კუთხით;
  • მეწარმეთა დახმარება დონორებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერ­თობაში;
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა სხვადასხვა სქემების გამოყენებით;
  • საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგის პროცესში დახმარება და ა. შ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოადგენს ცოდნასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვი­თა­რების მხარდამჭერ ძირითად უწყებას.

სააგენტოს ფუნქციებს შორისაა:

  • ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვით მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობა;
  • ინოვაციებისა და R&D-ისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვი¬თა-რება;
  • ცოდნაზე დაფუძნებული ინიციატივების ინოვაციური პროექტებისა და პროდუქ­ტების მხარდაჭერა;
  • საწარმოებისთვის კვლევისა და განვითარების მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება;
  • ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაფარვა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით;
  • საყოველთაო კომპიუტერიზაციის პროცესის წარმართვა და ა. შ.

ყოველივე ამის პარალელურად ქვეყნის ახალმა მთავრობამ შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამები და წამოიწყო ინიციატივები, მათ შორისაა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.

2014 წელს გამოჩნდა საქართველოს მთავრობის ახალი ინციატივებიც. ამ წელს შემუშავდა „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია -საქართ­ველო 2020“, 2015 წელს სამთავრობო პროგრამა - „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ და „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის“.

ეს 6 განყოფილებიანი დოკუმენტი მთლიანად ეძღვნება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის სამომავლო განვითარების ხედვას. იგი ასეთი სტრუქტურითაა შედგენილი: ეკონომიკისა და მთავრობის პრიორიტეტების მიმოხილვა, მცირე და საშუალო მეწარმოების სექტორის მიმოხილვა, მცირე და საშუალო მეწარმოების სექტორის SWOT – ანალიზი, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მიზანი და ამოცანები, მცირე და საშუალო მეწარმოების პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებები, განხორციელება და მონიტორინგი [საქართველოს... 2015:3].

დასკვნა

არ ვფიქრობთ, რომ ბოლო 4 წლის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი დოკუმენტები და მათში გაცხადებული საქართველოს მთავრობის მზაობა, შეუქმნას სათანადო პირობები ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას, დარჩება „ხმად მღაღა­დებლისა უდაბნოსა შინა“, როგორც წინა წლებში დარჩა არა ერთი და ორი სამთავრობო პროგრამა (მაგალითად, „საქართველო სიღარიბის გარეშე“ და სხვ.). როგორც მეწარმეები, ისე საზოგადოება ელოდება მთავრობის მეტ აქტიურობას ამ სექტორში, რადგან ის, რაც კეთდება საკმარისი არ არის.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. არველაძე ნ., 2009, კანონგარეშე დარჩენილი პრიორიტეტი, ჟ. „საქართველოს ეკონომიკა“, #4, გვ. 19-24.
  2. მეწარმეობა საქართველოში, 2015, თბილისი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გვ. 27.
  3. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის, თბილისი, გვ. 3.